გიორგი ამილახვარი: უკრაინის ხელისუფლებასთან გასარკვევი არაფერია, იყო გარკვეული უხერხულობები – საკითხები შიდა კონსულტაციების შედეგად სტაბილურდება
„ნაციონალური მოძრაობა“ იყო ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელი ძალა, რომელსაც უნდოდა, რომ დაეპირისპირებინა საქართველო და უკრაინა – ეს გამოაშკარავდა იმით, რომ მათ არ ისურვეს საქართველოს დელეგაციაში ყოფნა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მხარდაჭერას აფასებს.
„უკრაინის ხელისუფლებასთან გასარკვევი არაფერი არ არის. იყო გარკვეული უხერხულობები, ჩვენი შეფასებით, არასამართლიანი შეფასებები საკითხზე და აღარ მინდა, ამას დავუბრუნდე, რადგან ეს საკითხები, შიდა კონსულტაციების შედეგად, ლაგდება, სტაბილურდება, ირკვევა, უკრაინა და მისი ხელისუფლება აფასებს ჩვენს მხარდაჭერას ამ ომის პირობებში. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, არათუ დასრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული მოქმედებები, რომ დაეპირისპირებინა საქართველო და უკრაინა ამ ვიზიტით, არამედ, პირიქით, გამოაშკარავდა, რომ დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელი ძალა, რომელსაც უნდოდა, რომ დაეპირისპირებინა საქართველო და უკრაინა, უკრაინისთვის ამ ყველაზე მძიმე პერიოდში. ეს გამოაშკარავდა იმით, რომ მათ არ ისურვეს საქართველოს დელეგაციაში ყოფნა, რათა პატივი მიეგოთ და მხარდაჭერა გამოეცხადებინათ უკრაინის ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.