უსუფაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: თითქმის ორი ათეული წელია, აღარ მესმის, როდის რა მოთხოვნას აყენებენ, როდის რას უარყოფენ და როდის რა ნაბიჯს გადადგამენ
დიდი ხანია, ვაცხადებ, ხელებს ვწევ და ვამბობ, რომ თითქმის ორი ათეული წელია, უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მე აღარ მესმის, როდის რა მოთხოვნას აყენებენ, როდის რას უარყოფენ და როდის რა ნაბიჯს გადადგამენ, – ასე გამოეხმაურა „ლელო საქართველოს“ ერთ-ერთია ლიდერი, დავით უსუფაშვილი “ნაცმოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ 20 აპრილის სასამართლოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი ვადამდელი არჩევნების გეგმაზე ისაუბრებს.
მისი თქმით, საქართველოს სჭირდება ხელისუფლების შეცვლა, თუმცა, ვადამდელი არჩევნები ესაა კონსტიტუციური მექანიზმია და იგი მოთქმა-გოდებით არ მიიღწევა.
“ჩვენ ჩვენი საქმით ვართ დაკავებული და საქართველოს სჭირდება ხელისუფლების შეცვლა უკეთესი ხელისუფლებით, ან უკეთესი ხელისუფლების კონტურები უნდა გამოიხატოს. პოლიტიკური პარტია ყოველ ცისმარე დღეს მზად უნდა იყოს არჩევნებისთვის. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ეს არაა პოლიტიკური პარტია. ვადამდელი არჩევნები, ესაა კონსტიტუციური მექანიზმი და ინსტიტუტი იმ ტიპის კრიზისის განსამუხტად, რაც შეიძლება ქვეყანაში შეიქმნას. ეს არც მოთქმა-გოდებით მიიღწევა, არც შეძახილებით, არც ლოცვით და არც რამე სხვა ფორმით. ეს კონსტიტუციური მექანიზმია და ყველა პარტია ამისთვის მზად უნდა იყოს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.