ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველი ანგარიშების ეფექტიანობაზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველი ანგარიშების წარდგენაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობის შესწავლის მიზნით დანიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა განიხილა.

პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა ინფორმაციის თავისუფლების, როგორც სხვა ფუნდამენტური უფლებების განხორციელების ერთ-ერთი საფუძვლის მნიშვნელობაზე. კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია წარადგინოს ყოველი წლის 10 დეკემბერს ანგარიში საჯარო ინფორმაციის თავისუფლების შესახებ.

ანგარიში წარედგინება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს. მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, 2021 წელს წარმოდგენილია 2333 ასეთი ანგარიში, 2018 წელს -2182. ამ უკანასკნელთაგან 1908 იყო სკოლა, როგორც საჯარო დაწესებულება. „ანგარიშების სიმრავლე, რა თქმა უნდა, პრობლემებს ქმნის, რადგან მას სჭირდება დამუშავება და განზოგადება”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, არ არსებობს პრეცედენტი, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც შეიძლება იყვნენ საჯარო დაწესებულებები, ანგარიში წარმოედგინოს, რადგან ისინი ვალდებულად თავს არ თვლიან. მისივე მოსაზრებით, მოქმედ კანონმდებლობაში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, რა არის ამ ანგარიშგების სისტემის მთავარი ფუნქცია და დანიშნულება.

„ანგარიშის მთავარი ფუნქციაა, შეფასდეს სად ვართ ინფორმაციის თავისუფლების თვალსაზრისით და რა გამოწვევები არსებობს, რა მიმართულებით, რამდენად და როგორ შეიძლება განვავითაროთ ინფორმაციის თავისუფლება ქვეყანაში”,- განაცხადა მომხსენებელმა.

დასკვნაზე მსჯელობა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც დეპუტატების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კომიტეტი აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობას აგრძელებს. ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც დასკვნაშია გაცემული, არის სამუშაო ჯგუფის შექმნა, და თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებული გამოწვევების ირგვლივ კონკრეტულ სამართლებრივ რეფორმებზე მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები