2022 წლის იანვარ-მარტში იმპორტი 35.7%-ით გაიზარდა
საქსტატის განახლებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში იმპორტის მოცულობამ 2 693.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 35.7 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.1 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (463.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (273.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (241.9 მლნ. აშშ დოლარი).
“უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 244.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.1 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებდა 222.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 211.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.8 პროცენტი)”, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.