ირაკლი კობახიძე – ბაკურიანის შეხვედრაზე: ეს ადამიანები შეკრებილები იყვნენ იმისთვის, რომ ემსჯელათ ხელისუფლების გადატრიალებაზე

ჩვენ გვაქვს უკვე სამი აღიარებითი ჩვენება, ერთი ეს არის ბოკერია, მეორე – ვაშაძე და მესამე – მშვენიერაძე, სამივემ აღიარა, რომ შეკრებაზე განიხილებოდა ხელისუფლების ცვლილების საკითხი სამოქალაქო აქტივიზმის საფუძველზე, ეს არის აღიარებითი ჩვენება, ის მინიმალური აღიარება, რაც მათ დადეს, შესაბამისად დაადასტურეს ის ინფორმაცია, რაც ჩვენს ხელთაც არსებობდა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ტვ პალიტრის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ადამიანები შეკრებილნი იყვნენ იმისთვის, რომ ემსჯელათ ხელისუფლების გადატრიალებაზე.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის სხვაგან, ხალხი  – სხვაგან, ასეთ დროს ვერავითარ სამოქალაქო აქტივიზმს ვერ დაგეგმავ ვერც გიორგი მშვენიერაძე, ვერც მიშა მშვილდაძე და ვერც გიგა ბოკერია.

„სამოქალაქო აქტივიზმი ვიცით, რაც არის, პოლიტიკურ პარტიასთან სამოქალაქო აქტივიზმი არ არის კავშირში, სამოქალაქო აქტივიზმი არის დამახასიათებელი სამოქალაქო სუბიექტებისთვის, პოლიტიკური სუბიექტები პოლიტიკური აქტივიზმით არიან დაკავებულნი. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად გაუგებარია, რას აკეთებდნენ ერთად პოლიტიკური პარტიები, მედიასაშუალებები და ე.წ ენჯეოები. ანუ, რა კავშირი ჰქონდა ამ, სამ სუბიექტს ერთმანეთთან, ერთად რატომ მსჯელობდნენ სამოქალაქო აქტივიზმის გამოყენებით სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებაზე ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების გადატრიალებაზე. ფაქტობრივად, ამ სამმა სუბიექტმა ეს ყველაფერი აღიარა, დაემთხვა ჩვენს მიერ მიღებულ ინფორმაციას, შესაბამისად, ყველაფერი არის ცხადზე ცხადი, ანუ შეიკრიბნენ კონკრეტული სუბიექტები , პარტიები, ენჯეოები, ტელევიზიები იმისათვის, რომ ერთად დაეგეგმათ გადატრიალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, რაც იქ დაიგეგმა, მოგვიანებით სააკაშვილმა გაახმოვანა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.
„ეს არის გაგრძელება, იქ რაღაცები დაიგეგმა, შესაბამისად, ეს გაახმოვანა მოგვიანებით სააკაშვილმა, მანამდე რამდენიმე აქცია ჩაატარეს, მართალია წარუმატებელი, მაგრამ ესეც რა თქმა უნდა, ამ ღონისძიების გაგრძელება იყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აბსოლუტურად გამართლება არ აქვს, როდესაც პოლიტიკური პარტია, ენჯეო, მედიასაშუალება, სრული ლუსტრაციაა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამი სუბიექტი, რომელთაგან ერთი არის პოლიტიკური, ორი არ არის პოლიტიკური, ნუ ფორმალურად მაინც და არ აქვს უფლება, ერთს არ აქვს უფლება ჩაერთოს პოლიტიკურ აქტივიზმში და მეორეს არ აქვს უფლება ჩაერთოს სამოქალაქო აქტივიზმში. ეს არის პოლიტიკის და სამოქალაქო მოძრაობების კანონები, ხო? ერთს არ აქვს ამის უფლება, სრული აღრევაა, ეს არის სრული ლუსტრაცია, გამომჟღავნება აბსოლუტურად ყველაფრის, ჩვენ ვამბობდით, ეს ენჯეოები არიან ე.წ. ენჯეოები, ეს ტელევიზიები არიან ე.წ. ტელევიზიები, სინამდვილეში ეს ტელევიზიები არიან კონკრეტული პარტიის პიარ სამსახური და ენჯეო-ები არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აქტივი, რასაც ვამბობდით, ის დადასტურდა ამ ერთი ღონისძიებით, დაადასტურეს თავიანთი აღიარებითი ჩვენება. წარმატების დიდი რესურსი მათ არ აქვთ და თვითონაც საკმაოდ იმედგაცრუებული იყვნენ ამ ღონისძიებით, რომლის სათაური იყო საინტერესო – „როგორ დავასრულოთ ტირანია“. თვითონ ხვდებიან, ტირანია, რომ იყოს ბუნებრივად იქნებოდა საზოგადოებაში წინააღმდეგობა და როცა არის ბუნებრივი წინააღმდეგობა ამ დროს უფრო ადვილია სამოქალაქო აქტივიზმის დაგეგმვა, მაგრამ როცა ტირანია არ არის, ბუნებრივია, საზოგადოებრივი პროცესიც არ არის. ამას თვითონ ხვდებიან, იმიტომ არ აქვთ არანაირი რესურსი, ბათუმშიც იმიტომ მოვიგეთ იმ 69% -ით არჩევნები, რომ აბსოლუტურად მოწყვეტილი არიან რეალურად ხალხს და მის ინტერესებს. „ნაციონალური მოძრაობა“ არის სხვაგან, ხალხი არის სხვაგან და ასეთ დროს ვერავითარ სამოქალაქო აქტივიზმს ვერ დაგეგმავ, ვერც გიორგი მშვენიერაძე, ვერც მიშა მშვილდაძე და ვერც გიგა ბოკერია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები