ირაკლი კობახიძე: საქართველოს გადასაწყვეტი არ არის, რუსეთი დაიწყებს თუ არა ომს, მაგრამ შეგიძლია, გადადგა ნაბიჯები, რომელიც აქეთკენ წაგიყვანს ან არ წაგიყვანს – „ნაცმოძრაობა“ ყველაფერს აკეთებდა, რომ ომი დაწყებულიყო, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არ დაწყებულიყო

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებდა, რომ საქართველოში ომი დაწყებულიყო, ხოლო ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საქართველოში ომი არ დაწყებულიყო”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ვერ გადაწყვეტს იმას, რუსეთი დაიწყებს თუ არა ომს, მაგრამ მას შეუძლია, გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ომისკენ წაიყვანს, ან არ წაიყვანს.

„საქართველოს გადასაწყვეტი არ არის რუსეთი დაიწყებს თუ არა ომს, მაგრამ შენ შეგიძლია გადადგა ნაბიჯები, რომელიც აქეთკენ წაგიყვანს ან არ წაგიყვანს და ომის პარტია ზუსტად ამას ცდილობდა, ზუსტად მაგიტომ უნდოდათ მოხალისე მებრძოლების გაშვება ხელისუფლების ჩართულობით უკრაინაში. მათი ერთადერთი მიზანი იყო ქვეყნის ჩათრევა სამხედრო კონფლიქტში. შენ შენი ნაბიჯებით შეგიძლია ამას ხელი შეუწყო ან, არ შეუწყო. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საქართველოში ომი დაწყებულიყო, ხოლო ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საქართველოში ომი არ დაწყებულიყო. აქ არის განსხვავება, ხალხი ამას ხედავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ის პოლიტიკა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, იძლევა თუ არა 100%-იან გარანტიას, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ომს არ დაიწყებს, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ „100%-იან გარანტიას არაფერი არ იძლევა“.

„100%-იან გარანტიას არაფერი არ იძლევა, ბუნებრივია, მით უმეტეს, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა , რუსეთი არის დიდი ქვეყანა, ბევრად მეტია მისი სამხედრო რესურსები. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა არის 40 მილიონიანი ქვეყანა და ამის მიუხედავად საკმაოდ დიდი წინსვლა აქვს ტერიტორიების თვალსაზრისით უკვე რუსეთს, რაც იყო ოკუპაციის არეალი თითქმის ორჯერ აქვს, მეტად თუ არა, გაზრდილი, დაამატა ხერსონის ოლქი, ხარკოვის ოლქის დიდი ნაწილი და ა.შ. წინ მიდის სამწუხაროდ ჯერჯერობით მხოლოდ რუსეთი. გაიყვანა კიევიდან და ჩერნიგოვიდან საკუთარი სამხედრო ძალები, მაგრამ დანარჩენ ტერიტორიაზე წინსვლა აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ნებისმიერი შესაძლო ომი საქართველოსთვის იქნება იმაზე ბევრად უფრო მძიმეც კი, ვიდრე დღეს არის უკრაინისთვის.

„მე რისი თქმა მინდა, ნახეთ, უკრაინაშიც კი, სადაც 40 მილიონი არის მოსახლეობა და 200-ათასიანი სამხედრო ძალაა. ჩვენ გვაქვს ამაზე ხუთჯერ ნაკლები, სამხედრო რესურსი არის დაახლოებით 5-ჯერ ნაკლები. ამ პირობებში, ბუნებრივია, ნებისმიერი შესაძლო ომის საქართველოსთვის იქნება იმაზე ბევრად უფრო მძიმეც კი, ვიდრე დღეს არის უკრაინისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები