გიორგი ვაშაძე: საჭიროა საკანონმდებლო პაკეტების მიღება, რომელთა საფუძველზეც სანქცირებული პროდუქცია საქართველოს გავლით რუსეთში ვერ შევა
საჭიროა კონკრეტული ადმინისტრაციული აქტების შექმნა და საკანონმდებლო პაკეტების მიღება, რომელთა საფუძველზეც ვიტყვით, რომ სანქცირებული პროდუქცია საქართველოს გავლით რუსეთის მიმართულებით ვერ გაივლის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ჩარჩოს მიღება მყისიერად არის განსახილველი.
“საქართველოს გავლით რუსეთში არცერთი პროდუქციის ტრანზიტი არანაირი ადმინისტრაციული აქტით დღეს შეზღუდული არ არის. მყისიერად არის განსახილველი საკანონმდებლო ჩარჩოს მიღება, რომ რუსეთი ვერ შეძლებს სანქციების გვერდის ავლას საქართველოს გავლით. აი, ეს იქნება ჩემთვის ტესტი და არ ის, მაინცდამაინც, სანქციებს შეუერთდება თუ არა საქართველო, არამედ კონკრეტული ინიციატივა, ადმინისტრაციული აქტები, კანონები, რომელშიც ჩავწერთ, რომ სანქცირებული პროდუქტის ტრანზიტი საქართველოს გავლით აკრძალულია რუსეთის მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.