ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები, ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება, რუსეთის გადაწყვეტილებებზე რეალურად რაიმე ეფექტი მოვახდინოთ, მაგრამ მთავარი ამ კუთხით, უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის შემდეგი, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს და ეს არის მთავარი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს, საქართველო ავტომატურად უერთდება და ამ კუთხით რაიმე პრეტენზიები არ არსებობს.
„სანქციებთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი და ამასთან დაკავშირებით უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს, საქართველო, როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილი, რა თქმა უნდა, ავტომატურად უერთდება და ამ კუთხით რაიმე პრეტენზიები არ არსებობს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.