ირაკლი კობახიძე: კითხვარისგან დამოუკიდებლად, არსებობს ასოცირების დღის წესრიგი და ჩვენ ამ პროცესის ერთგულნი ვართ
დღის წესრიგი შეთანხმებულია, გაწერილია რეფორმების პაკეტები, კონკრეტული გადასადგმელი ნაბიჯები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ იმ პროცესის ერთგულნი, რომელსაც ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია და, კონკრეტულად, ამ დღის წესრიგის ერთგულნი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან “ქრონიკასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ყოველგვარი კითხვარისგან დამოუკიდებლად არსებობს ასოცირების დღის წესრიგი, რომელშიც ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ყველა ნაბიჯია გაწერილი.
„ასოცირების დღის წესრიგი არსებობს, ეს არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია ჩვენ მიერ გადასადგმელი ყველა ნაბიჯი, მათ შორის, რეფორმები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში უნდა გატარდეს. ყოველგვარი კითხვარისგან დამოუკიდებლად, ჩვენთვის ეს არის ვალდებულება, რომელზეც ჩვენ ევროკავშირთან შევჯერდით და თვეებია, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა. კითხვარი ამისგან დამოუკიდებელი საკითხია“, – აღნიშნა კობახიძემ.