ლევან იოსელიანი – თუ შალვა პაპუაშვილი იქნება უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, მთლად უკეთესი, ეს იქნება ურთიერთობებში შემობრუნების წერტილი
თუ თვითონ შალვა პაპუაშვილი იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი, მთლად უკეთესი, ეს იქნება ურთიერთობებში შემობრუნების წერტილი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
მისი თქმით, ქართული საზოგადოების თითქმის, 100% მხარს უჭერს უკრაინას, პარლამენტმა კი ეს განწყობები უნდა წაიღოს უკრაინაში.
„თავიდან, სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც ცოტა გაუგებარი იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ ვიზიტზე უარის თქმა და თითქოს, გაჯიუტებაც. ამას წინ უძღოდა მთელი რიგი მოლაპარაკებები. მერე ჩვენ, ოპოზიციამ გადავწყვიტეთ და მერე მათთან გავმართეთ კონსულტაციები, მაგრამ საბოლოო ჯამში, მივედით ამ შედეგამდე, როცა გადაწყდა, რომ ერთობლივი ვიზიტი იქნება. ეს არის ქართველი ხალხის განცდა და დავალებაც. იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების თითქმის, 100% მხარს უჭერს უკრაინას, პარლამენტი კი არის ხალხის ნების გამხმოვანებელი და პარლამენტმა ეს განწყობები უნდა წაიღოს იქ, სადაც მიდის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გაემგზავრება. დელაგაციაში იქნებიან სახელისუფლებო პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც უკრაინაში ერთიანი პოზიცია უნდა დააფიქსირონ.