იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით განიხილა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებს შორის დავის საკითხს შეეხება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომიტეტმა განხილვის დროს ორგანული კანონის პროექტში გარკვეული სამართლებრივი დაზუსტებები შეიტანა.

“ცვლილების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, სახალხო დამცველს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ რომელიმე მათგანის სამართლებრივი აქტით, მოქმედებით ან უმოქმედობით სრულად ან ნაწილობრივ ხელყოფილ იქნა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება.

პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს იმ სამართლებრივი აქტის, ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას, ან იმ მოქმედების, ან უმოქმედობის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებამოსილება.

საკონსტიტუციო სასამართლო, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის დადგენისას ამოწმებს მისი შინაარსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი”, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები