ლევან იოსელიანი: „ქართულმა ოცნებამ“ სურვილი გამოთქვა, უკრაინაში ვიზიტში მიიღოს მონაწილეობა
ჩვენ ვსაუბრობთ უკვე განსხვავებულ ფორმატში წასვლის შესაძლებლობებზე, „ქართულმა ოცნებამ“ გამოთქვა სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში ვიზიტში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გამგზავრების დღე ჯერ ცნობილი არ არის და თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები როგორც ოპოზიციასთან, ასევე მმართველ გუნდთანაც გაიმართება.
“დაგეგმილი გვქონდა კვირის ბოლოს, ხუთშაბათს-პარასკევს წასვლა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მარტო ოპოზიცია აღარ მივდივართ, კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს გამგზავრების დღესთან დაკავშირებით. ჩემი სურვილია, რომ ეს ვიზიტი არ გადასცდეს ამ კვირას და კვირის ბოლოს ყველამ ერთად შევძლოთ, რომ წავიდეთ, სამძიმარი გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის მიმართ.
თუ ყველა პოლიტიკური ჯგუფი და მმართველი გუნდი იქნება წარმოდგენილი, ეს ნიშნავს, რომ მთელმა ქვეყანამ მიიღო ამაში მონაწილეობა. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, ერთ დღეს ვინ ჩავა და მეორე დღეს – ვინ. ამიტომ თუ საჭირო იქნება, მმართველ გუნდს დაველოდები კიდეც, თუ საჭირო იქნება, ალბათ ისინიც დაგველოდებიან.
დღის წესრიგი ჯერ ცნობილი არ არის. ჩემი გადმოსახედიდან ეს არის სამძიმრის გამოცხადების და მხარდაჭერის ვიზიტი. სხვა პოლიტიკური თემებით არ მგონია, ეს ვიზიტი დატვირთული იყოს, თვითონ ფორმატიდან და სიტუაციიდან გამომდინარე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.