თამარ ტალიაშვილი: ძალიან მიმძიმს გაბრაზებული ოპოზიციონერების მოსმენა, თუ როგორ ცდილობენ, ამ მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის პროცესში ნეგატივი შემოიტანონ

ევროკავშირის წევრობის განაცხადზე პასუხად უკვე მივიღეთ ევროკავშირის კითხვარი. ეს, პირველ ყოვლისა  თავისუფლებისათვის მებრძოლთა გმირობის შედეგია, – წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, გაბრაზებული ოპოზიციონერები ევროინტეგრაციის პროცესში ნეგატივის შემოტანას ცდილობენ და, ნაცვლად პროცესის ხელშეწყობისა, ქვეყნის დამაზიანებელი რიტორიკით ხვდებიან კითხვარს.

“დღეს ისტორიული მოვლენის თანამონაწილენი ვართ. ევროკავშირის წევრობის განაცხადზე პასუხად უკვე მივიღეთ ევროკავშირის კითხვარი. ეს პირველ რიგში თავისუფლებისათვის მებრძოლთა გმირობის შედეგია, ასევე არის საქართველოს ხელისუფლების მიერ 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დადებისა და ამ შეთანხმების შემდეგ თანამიმდევრული ნაბიჯების შედეგი.

როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საქართველო ითვლება ლიდერად ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით. ბუნებრივია, ევროკავშირის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანწილად გეოპოლიტიკურ კონტექსტს მოიცავს, თუმცა ჩემს მიერ ხაზგასმული რეფორმები უნდა აუცილებლად გვახსოვდეს, რადგან კითხვარი სწორედ მათ ეფუძნება.

აქვე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან მიმძიმს გაბრაზებული ოპოზიციონერების ხილვა და მოსმენა, თუ როგორ ცდილობენ ამ მნიშვნელოვან ევროინტეგრაციის პროცესში ნეგატივი შემოიტანონ და ნაცვლად პროცესის ხელშეწყობისა ქვეყნის დამაზიანებელი რიტორიკით ხვდებიან კითხვარს.
მე ვისურვებდი ჩვენი ხალხის თავისუფალი არჩევანის მალე ხორცშესხმას, რადგან თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ხმამაღლა თქვას “მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი”, – წერს თამარ ტალიაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები