პაატა მანჯგალაძე: რეფორმების არშესრულების გამო თუ უარს გვეტყვიან, ეს არ დავაბრალოთ დასავლეთს და პასუხისმგებლობა აიღოს “ქართულმა ოცნებამ”
“საქართველოს მთელი მიმართულებით აქვს რეფორმები გასატარებელი. ასოცირების ხელშეკრულების 30%-ია მხოლოდ შესრულებული”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე საუბრისას აცხადებს.
მისივე თქმით, რეფორმების არშესრულების გამო წევრობაზე უარის თქმის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა უნდა აიღოს.
“საქართველოსთვის არავინ არ აპირებს დათვურ სამსახურს და შეღავათების გაწევას დემოკრატიის მიმართულებით. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მთელი მიმართულებით აქვს გასატარებელი რეფორმები. ასოცირების ხელშეკრულების 30%-ია მხოლოდ შესრულებული.
ამ პროცესში “ქართული ოცნება” არ დავტოვოთ მარტო, რადგან ხიფათი და რისკია – თუ მათ არჩევანი ექნებათ დემოკრატიული რეფორმებით ძალაუფლების დაკარგვასა თუ ევროპულ ინტეგრაციაში, ისინი, რა თქმა უნდა, აირჩევენ ძალაუფლების შენარჩუნებას და უარს იტყვიან ევროპულ ინტეგრაციაზე. რეფორმების არშესრულების გამო თუ უარს გვეტყვიან, ეს არ დავაბრალოთ დასავლეთს და პასუხისმგებლობა აიღოს “ქართულმა ოცნებამ”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარს დღეს გადასცემს.