საქართველოს აეროპორტების გაერთიანება: მარტის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 88%, რეისების რაოდენობის კი 120% აღდგა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა 2022 წლის დასაწყისშიც შეიმჩნევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წლის მარტის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 88% აღდგა.
„2022 წლის მარტში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 46,735 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის მარტი 53,316 მგზავრი).
პანდემიის პირობებში, მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. მარტში, აეროპორტში რეისების 120 % აღდგა და 222 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის მარტი – 185 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.