პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყერმა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დააზიანა
6 აპრილს ძლიერმა წვიმებმა ონის მუნიციპალიტეტის პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია, რის გამოც დაზიანდა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეფერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ცხმორი-ღუნდას ალტერნატიული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.
ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგი ხიდეშელი დილიდან, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნულ სოფლებთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.
არსებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაფართოებისა და გასუფთავების სამუშაოები.
უახლოეს ვადაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები, შეისწავლიან არსებულ მდგომარეობას და, მათ მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე, დაიწყება დაზიანებული გზის მონაკვეთის პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.