“შეგვიძლია, ერთხელ და სამუდამოდ ვასწავლოთ რუსეთს, რომ ვინც იწყებს ომს, ყოველთვის აგებს” – ზელენსკი საბერძნეთის პარლამენტში
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერძენ დეპუტატებს სიტყვით მიმართა და საბერძნეთს ჰუმანიტარული და თავდაცვითი, ასევე, სანქციათა პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“მაგრამ ომი გრძელდება. მარიუპოლის ნგრევა გრძელდება. ხალხის დეპორტაცია ტერიტორიებიდან, სადაც რუსული ჯარები შევიდნენ – გრძელდება“, – თქვა ზელენსკიმ.
მან მოუწოდა საბერძნეთს, გამოიყენოს თავისი გავლენა, როგორც ევროკავშირის წევრმა, მარიუპოლის გადასარჩენად და რუსული აგრესიის შესაჩერებლად.
„მე მოგიწოდებთ, მეტი გააკეთოთ, რომ რუსეთმა მშვიდობის ძიება დაიწყოს და უკრაინის დაპყრობაზე ფიქრიც კი შეწყვიტოს.
ჩვენ ვერ დავკმაყოფილდებით იმით, რასაც ვიტყვით მომავალში მარიუპოლზე: “ეს არის ახალი თერმოპილები”, როდესაც, მტრის დიდი ჯარის შეჩერების დროს, გმირები დაეცნენ. ჩვენ შეგვიძლია, გადავარჩინოთ ჩვენი გმირები. შეგვიძლია, ერთხელ და სამუდამოდ ვასწავლოთ რუსეთს და სხვა პოტენციურ აგრესორს, რომ ის, ვინც ომს იწყებს, ყოველთვის აგებს. ვინც ცდილობს, სახელმწიფოების დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა დაარღვიოს – ყოველთვის აგებს. ვინც ევროპას ეკონომიკური ან ენერგეტიკული კრიზისით აშანტაჟებს – ყოველთვის აგებს”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები “თავდაპირველად, მიმართული იყო არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ ევროპელები ხელმისაწვდომი ენერგიის გარეშე დარჩნენ და რომ ენერგეტიკული სიღარიბე კონტინენტზე ახალი რეალობა გახდეს. სწორედ რუსეთი აკეთებს იმას, რომ ბევრ ქვეყანაში ინფლაცია გაიზარდოს. შარშან რუსეთმა ევროპის გაზის ბაზარზე დეფიციტი ხელოვნურად შექმნა და ყველაფერს აკეთებს, რომ ხელოვნურად შექმნას დეფიციტი მსოფლიო სურსათის ბაზარზეც”.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება იარაღი, რათა “აიძულოს რუსული ჯარები, დატოვონ ჩვენი სახელმწიფო” და დააკონკრეტა, რომ საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემები, საარტილერიო სისტემები და ჭურვები, ჯავშანტექნიკა და ა.შ.
“რაც სწარაფად მიიღებს უკრაინა ამ დახმარებას, მით მეტ სიცოცხლეს გადავარჩენთ”, – დაასკვნა უკრაინის პრეზიდენტმა.