ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირმა უკრაინასთან ერთად საგამოძიებო ჯგუფი შექმნა, რომლის ამოცანა მტკიცებულებების შეგროვება და უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებაა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, სანქციებს დღეს 40-ზე მეტი ქვეყანა ახორციელებს და მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის ევროპაში, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადების თანახმად, რუსეთი სასტიკ და დაუნდობელ ომს არა მხოლოდ უკრაინის ჯარების, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაც აწარმოებს.

მისივე თქმით, ეს სისასტიკე არ შეიძლება და არც დარჩება უპასუხოდ.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სანქციების მეხუთე პაკეტის მიზანი რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის კიდევ უფრო გაზრდაა.

„ყველამ ვნახეთ შემზარავი კადრები ბუჩადან და სხვა რაიონებიდან, საიდანაც ცოტა ხნის წინ რუსი სამხედროები გავიდნენ. გუშინ, პრეზიდენტ ზელენსკის მივუსამძიმრე და ამ საშინელ დროს ევროკომისიის სრული მხარდაჭერა აღვუთქვი. ეს სისასტიკე ვერ და არც დარჩება უპასუხოდ. ამ საშინელი დანაშაულების ჩამდენნი დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ. ევროკავშირმა უკრაინასთან ერთად საგამოძიებო ჯგუფი შექმნა. მისი ამოცანაა შეაგროვოს მტკიცებულებები და გამოიძიოს უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები.

მეხუთე პაკეტს აქვს ექვსი მიმართულება:

  1. რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა, რომლის ღირებულებაც წელიწადში 4 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს სანქცია რუსეთს შემოსავლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს გადაუკეტავს.
  2. ტრანზაქციების სრულად აკრძალვა ოთხ მთავარ რუსულ ბანკთან, მათ შორის სიდიდით მეორე – VTB ბანკთან. ამ ოთხ ბანკს, რომლებიც ჩვენ ბაზრებს სრულად ჩამოვაშორეთ, რუსეთის საბანკო სექტორში საბაზრო წილის 23% უკავიათ. ეს რუსეთის ფინანსურ სისტემას კიდევ უფრო შეასუსტებს.
  3. რუსეთის გემებისა და რუსეთის სარგებლობაში მყოფი გემებისათვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვა. გარკვეული გამონაკლისები შეეხება პირველადი მოხმარების პროდუქტებს, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტები, ჰუმანიტარულ დახმარებას, აგრეთვე – ენერგომატარებლებს.  გარდა ამისა, დავაყენებთ წინადადებას რუსეთის და ბელარუსის საგზაო სატრანსპორტო ოპერატორებისთვის აკრძალვების დაწესების თაობაზე. ეს რუსეთის სამრეწველო დარგს საჭირო ნაწარმის მიღების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შეუზღუდავს.
  4. 10 მილიარდი ევროს ღირებულების ექსპორტის აკრძალვა ისეთ მიზნობრივ სფეროებში, რომლებშიც რუსეთი ყველაზე დაუცველია. მათ შორის, მაგალითად, კვანტური კომპიუტერები და თანამედროვე ნახევარგამტარები, ასევე მაღალი სიზუსტის მოწყობილობები და სატრანსპორტო ტექნიკა.
  5. ახალი აკრძალვები იმპორტზე, 5.5 მილიარდი ევროს ღირებულებით, რუსეთისა და მისი ოლიგარქებისთვის ფულის ნაკადის შესამცირებლად ისეთი პროდუქტებიდან, როგორიცაა ხის მასალა თუ ცემენტი, ზღვის პროდუქტები თუ ალკოჰოლური სასმელები. ამით რუსეთსა და ბელარუსს შორის არსებულ კავშირებს დავასუსტებთ.
  6. მივიღებთ რიგ მიზანმიმართულ ზომებს, როგორიცაა რუსული კომპანიებისათვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვა, ან რუსეთის სახელმწიფო ორგანოებისთვის ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება როგორც ევროკავშირის, ასევე ევროკავშირის წევრი ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან. იმიტომ, რომ ევროპელთა მიერ გადახდილი გადასახადების თანხები რუსეთში არანაირი ფორმით ან სახით არ უნდა მოხვდეს.

და ბოლოს, ასევე გთავაზობთ სანქცირებული პირების სიის გაფართოებას, რასაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი აგიხსნით. მაგრამ ამით არ შემოვიფარგლებით. ვმუშაობთ დამატებით სანქციებზე, მათ შორის ნავთობის იმპორტთან დაკავშირებით და ვმსჯელოებთ წევრი სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილ ზოგიერთ იდეაზე, როგორიცაა გადასახადები ან გადახდის კონკრეტული არხები, როგორიცაა პირობითი დეპონირების ანგარიშები.

დღეს მსგავს სანქციებს 40-ზე მეტი ქვეყანა ახორციელებს. მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის ევროპაში, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. მკაფიო პოზიცია პუტინის ომის არჩევანის წინააღმდეგ. მკაფიო პოზიცია მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ. და მკაფიო პოზიცია მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის წინააღმდეგ. დიდება უკრაინას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები