მშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან 2023 წლის 1-ელ იანვრამდე

მშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან და გადაუხდელი ჯარიმის/საურავის თანხის გადახდისაგან 2023 წლის 1-ელ იანვრამდე თავისუფლდებიან.

პარლამენტის ინფორმაციით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სხდომაზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” შესატანი ცვლილების პროექტი განიხილა.

საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუას, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია ბითაძის, მიხეილ ყაველაშვილის, ქეთევან დუმბაძის, მაია მენაღარიშვილის, ირაკლი მეზურნიშვილისა და ნოდარ ტურძელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები კოლეგებს ერთ-ერთმა ინიციატორმა, ბექა დავითულიანმა გააცნო.

პროექტის თანახმად, სამშენებლო სამართალდამრღვევს საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის პასუხისმგებლობა კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 1-ელ იანვრამდე არ დაეკისრება.
„პროექტის პირველი ეტაპი განვახორციელეთ შარშან და 1-ელ იანვრამდე მოქმედებდა საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება. წარუდგენლობის ან დარღვევით წარდგენის შემთხვევაში სანქცია მოხსნილი იყო. ახლაც გთავაზობთ, რომ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე სამშენებლო სექტორისთვის მოქმედებდეს იგივე რეჟიმი”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები