მამუკა მდინარაძე: უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის და პროვოკაციების ახალ ტალღას

უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის და პროვოკაციების ახალ ტალღას, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევის, ასევე, მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროვოკაციების მთავარი წყარო “ნაციონალური მოძრაობა” და რადიკალური ოპოზიცია იქნება. ამასთან, მდინარაძე აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

“უკვე აშკარად ჩანს და ლოგიკურია, რომ უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის და პროვოკაციების ახალ ტალღას, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევის, ასევე, მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული.

ამისთვის უკვე მზადდება ნიადაგი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეგობარი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც, როგორც ჩანს, ამ კამპანიის ნაწილია. ამიტომაც, მივმართავთ ყველას, ვინც ამ კამპანიაში რაიმე ფორმით არის ჩართული, განსაკუთრებით – ომის პარტიას და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტეთ ჰიბრიდული ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ნუ ცდილობთ საქართველოს ომში ჩათრევას.

საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის წარმომადგენლები თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევენ. ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯები არის გარანტი, რომ ქვეყანა განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. აქვე, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო არასდროს შეწყვეტს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები