მაჭარაშვილი: როცა საუბარია კონტრაბანდაზე, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ – იმ ქვეყნების შეურაცხყოფა, რომლებიც რეგიონში უსაფრთხოებას ამყარებენ
უკრაინის ხელისუფლების მიმართ სხვადასხვა პოზიციის გაჟღერებასთან დაკავშირებით ე.წ. მორატორიუმი რადგან გვაქვს გამოცხადებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ზოგიერთ უწყებას აქვს უფლება, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ბრალი წაუყენონ საქართველოს ხელისუფლებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც საუბარია ისეთ მძიმე ბრალდებაზე, რასაც ჰქვია კონტრაბანდა, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს შეურაცხყოფა, არამედ – იმ ქვეყნების, რომლებიც რეგიონში საქართველოსთან ერთად უსაფრთხოებას ამყარებენ.
“საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები აქტიურად თანამშრომლობენ ამერიკის, ევროკავშირისა და NATO-ს შესაბამის სამსახურებთან. ამიტომ, როცა საუბარია ისეთ მძიმე ბრალდებაზე, რასაც ჰქვია კონტრაბანდა, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს შეურაცხყოფა, არამედ – იმ ქვეყნების, რომლებიც რეგიონში საქართველოსთან ერთად უსაფრთხოებას ამყარებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა მოწოდება, რომ თუ ვინმეს მსგავსი მტკიცებულება აქვს, დაინტერესებული იქნება, პარტნიორებთან ერთად აღნიშნული საკითხი გამოიძიოს. შესაბამისი მტკიცებულებები ბრალდების მხარემ უნდა წარმოადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ ზოგიერთი პირის მიზანია, ამ სამხედრო კონფლიქტში მოხდეს საქართველოს ჩართვა ან არეულობის მოწყობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთი, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, დასავლეთის მიერ სანქციათა სიაში შეყვანილი საქონლის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების ტვირთის კონტრაბანდის არხს აყალიბებს.