საგარეო უწყება: ილია დარჩიაშვილი ევროკავშირსა და ნატო-ს ეწვევა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და ნატო-ს ეწვევა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი, ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელს შეხვდება.
“ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ნატო-ს შეხვედრა პარტნიორი ქვეყნების ჯგუფთან საქართველოს, უკრაინის, შვედეთის, ფინეთის, იაპონიის, ავსტრალიის, კორეის საგარეო საქმეთა მინისტრების და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მონაწილეობით.
მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.