ლევან იოსელიანი: უკრაინის დაზვერვის განცხადება ძალიან მძიმე ბრალდებაა, ამიტომ, ამას სჭირდება შესაბამისი მტკიცებულებები
პარტია “მოქალაქეების” დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას არ იზიარებს.
მისივე თქმით, ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა, ამიტომ, შესაბამის მტკიცებულებებს საჭიროებს.
“მე ასე ხელაღებით ამ პრეტენზიას თუ უკრაინის მხარის ბრალდებას არ ვიზიარებ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბრალს გვდებენ რუსეთის მოკავშირეობაში ამ ომში. ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა და ამას სჭირდება შესაბამისი მტკიცებულებები. მეც დაველოდები მტკიცებულებების წარმოდგენას”, — განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვაში განაცხადეს, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შეტანას, რაშიც საქართველოს მთავრობა უწყობს ხელს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ქართულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს დავალება პოლიტიკური პირებისგან, არ ჩარეულიყვნენ ამ საკითხში.