ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე მუშაობას აგრძელებს
2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე სახალხო დამცველის მიერ პარლამენტის მიმართ გაცემულ წინადადებებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
„შეხვედრა გაიმართა იმ წინადადებებზე სამუშაოდ, რომელიც ჯანდაცვის სისტემას უკავშირდება. შევთანხმდით მუშაობის ფორმებზე, სადაც ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენეულ ხედვებს ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.