სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, დანაშაულში მხილებული იქნა პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც სამსახურებრივი უფლებამოსილება გადაამეტა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის მიმართ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, დანაშაულში მხილებული იქნა პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც სამსახურებრივი უფლებამოსილება გადაამეტა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის მიმართ, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 2 მარტს, №16 პენიტენციური დაწესებულებაში, მეტალო დეტექტორით შემოწმებისას, პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელსა და ადვოკატ შოთა თუთბერიძეს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.

ამის შემდეგ, ბრალდებულმა, სამეთვალყურეო ვიდეო კამერებისგან გარიდების მიზნით, ადვოკატი მოსასვენებელ ოთახში შეიყვანა და საქმის გარჩევა დაუწყო. ოთახიდან გამოსვლისას პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გაემართა შოთა თუთბერიძის მიმართულებით, მოუქნია ხელი და ფეხი, რა დროსაც იგი შეაკავეს დაწესებულების სხვა თანამშრომლებმა.

ბრალდებულის უკანონო ქმედების შედეგად, შეილახა დაზარალებულ შოთა თუთბერიძის უფლებები, დაირღვა წესრიგი და შეფერხდა №16 პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ადვოკატის საჯარო განცხადებისთანავე ფაქტზე გამოძიება მყისიერად დაიწყო. სრულად იქნა უზრუნველყოფილი დაზარალებული ადვოკატის საგამოძიებო პროცესში ჩართვა და მონაწილეობა, რომელსაც გამოძიების საწყის ეტაპზევე გაეცნო საქმის ყველა მასალა. გამოძიებამ, პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით უზრუნველყო ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება: გამოიკითხა 17 პირი, პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მასალები და სამართლებრივი აქტები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რაზეც დაინიშნა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა.

ზემოთ აღნიშნულმა ჩატარებულმა ღონისძიებებმა შესაძლებელი გახადა დანაშაულის გახსნა და მასში მონაწილე საჯარო მოხელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. შედეგად, საქართველოს პროკურატურის მიერ პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები