ირაკლი კობახიძე: ჩემი ინფორმაციით, ზალკალიანის აშშ-ის ელჩად წარდგინება ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო გადაწყვეტილი
ჩემი ინფორმაციით, დავით ზალკალიანთან დაკავშირებით წარდგინება საკმაოდ დიდი ხნის გაკეთებულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო მიღებული.
“ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა უფრო ადრე, ვიდრე საჯაროდ გახდა ამის შესახებ ცნობილი, ამას მოჰყვა მთელი რიგი სპეკულაციები. ომის დაწყებამდეც კი იყო უკვე ეს გადაწყვეტილება მიღებული. აქედან გამომდინარე, ამ ვითარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს შესაბამის საკადრო გადაადგილებას. რაც შეეხება აშშ-ში ელჩის თანამდებობის დაკავებას, ვფიქრობ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ განიხილება ეს, როგორც დაქვეითება. ეს არის, პრაქტიკულად, თანაბარი რანგის და პასუხისმგებლობით დატვირთული პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, დღეს დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა, მის ნაცვლად აღნიშნული თანამდებობა ილია დარჩიაშვილმა დაიკავა.