რაიან სალემი: საქართველოში ახალგაზრდა სტარტაპებს აქვთ უნარი, სწრაფად მიაღწიონ საერთაშორისო აღიარებას და მოიპოვონ წვდომა გლობალურ რესურსებსა და დაფინანსებაზე
საქართველოში ახალგაზრდა სტარტაპებს აქვთ უნარი, სწრაფად მიაღწიონ საერთაშორისო აღიარებას და მოიპოვონ წვდომა გლობალურ რესურსებსა და დაფინანსებაზე, – ამის შესახებ კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ციფრული ბაზრების მიმართულებით, რაიან სალემმა განაცხადა, რომელიც საქართველოში, სამუშაო ვიზიტით, პრემიერმინისტრის მოწვევით იმყოფება.
მისი თქმით, ქართული კომპანიები ხარისხით არ ჩამოუვარდებიან მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მომუშავე კომპანიებს.
„ძალიან პროდუქტიული დღე გვქონდა. შევხვდით რამდენიმე სტარტაპს, ბლოკჩეინის სფეროში მომუშავე კომპანიების ჩათვლით. ასევე, პირისპირ პირველად შევხვდით რამდენიმე პარტნიორ კომპანიას, რომლებთანაც ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ, მაგრამ ფიზიკურად არ შევხვედრივართ. შესაბამისად, სასიამოვნო იყო მათი გაცნობა პირისპირ.
საქართველოში ახალგაზრდა სტარტაპებს აქვთ უნარი, სწრაფად მიაღწიონ საერთაშორისო აღიარებას და მოიპოვონ წვდომა გლობალურ რესურსებსა და დაფინანსებაზე. გლობალურად კრიპტოვალუტის გარშემო იქმნება მთელი თანამეგობრობა, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან ამით სხვადასხვა მონაწილისთვის იქმნება თანაბარი პირობები. ქართული კომპანიები ხარისხით არ ჩამოუვარდებიან მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მომუშავე კომპანიებს. ისინი დიდ წარმატებას მიაღწევენ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოში ამ სფეროს განვითარების კვალდაკვალ”, – აღნიშნა რაიან სალემმა.
მთავრობის მეთაური, FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა და შესთავაზა, განიხილოს საქართველოში რეგიონული ოფისის ან მომხმარებელთა სერვისის გაფართოების შესაძლებლობა, რომელიც ფართო რეგიონს მოემსახურება. ოფიციალური მონაცემებით, FTX Crypto Derivatives Exchange-ის (ქონება 40 მილიარდი აშშ დოლარი) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სამ ბანკმან-ფრიდი, კრიპტო სფეროში უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონება 22,5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.
სამ ბანკმან-ფრიდს გაცხადებული აქვს, რომ ქონების უდიდესი ნაწილის საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენებას გეგმავს.