ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ახალი კანონმდებლობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლების კუთხით აღებულ ვალდებულებაზე მუშაობას აგრძელებს
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ახალი კანონმდებლობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლების კუთხით აღებულ ვალდებულებაზე მუშაობას აგრძელებს.
მათივე ცნობით, ახალი კანონმდებლობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობს, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
“ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პარლამენტში მიღებული კანონის შესახებ საინფორმაციო ფურცლის ორი ვერსია. საინფორმაციო ფურცელი განკუთვნილია ფართო საზოგადოებისთვის და მასში ასახული იქნება კანონის არსი, მიზანი და ძირითადი დებულებები.
განხილვის შემდეგ, სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა, რომ შესაბამის კომიტეტებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მოხდება საინფორმაციო ფურცლის ერთიან ფორმატზე შეთანხმება. ამის შემდეგ, პარლამენტის ხუთი კომიტეტის: აგრარულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, განათლებისა და მეცნიერების და ჯანმრთელობის დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების აპარატები, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობით, სატესტო რეჟიმში მოამზადებენ მიღებული კანონის შესახებ საინფორმაციო ფურცელს.
საპარლამენტო კომიტეტები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელ კანონთან დაკავშირებით მოამზადებენ საინფორმაციო ფურცელს.
საკითხის ინიციატორები არიან პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)”, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.