ლარი ეტაპობრივად დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რომელიც ომამდე იყო ქვეყანაში – გიორგი ცუცქირიძე

ლარი ეტაპობრივად დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რომელიც ომამდე იყო ქვეყანაში, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ლარის გამყარების ტენდენცია აჩვენებს ოპოზიციის დიდი ნაწილის და ცალკეული ექსპერტების პოპულისტურ და რეალობასთან აცდენილ ხედვას ეკონომიკის შეფასებაზე.

„ბოლო დღეებში ლარის კურსის გამყარება, ადასტურებს ლარის წინა პერიოდის გაუფასურების ტრენდის ხელოვნურ და აჟიოტაჟურ ხასიათს, რაზეც რამდენჯერმე მომიწია კომენტარის გაკეთება და რაც მთლიანად უკრაინაში  რუსული ინტერვენციის ზეგავლენის და შესაბამისად ნეგატიური მოლოდინების შედეგი იყო, ვიდრე ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების.

სწორედ სავალუტო ბაზარზე წარმოქმნილი აჟიოტაჟი რომ იყო ლარის გაუფასურების მიზეზი, ეს ჩვენ უკვე ვნახეთ, როდესაც ეროვნულმა ბანკმა მოახდინა ინტერვენცია და 50 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად. ამ თანხის ათვისებაც კი ვერც მოხერხდა და მხოლოდ 39 მილიონი გაიყიდა. ლარი ეტაპობრივად დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რომელიც ომამდე იყო ქვეყანაში.

დღეს ეს აჟიოტაჟი ჩამცხრალია და ის დადებითი ტენდენცია გრძელდება, რომელიც იყო აჟიოტაჟამდე, ანუ 24 თებერვლამდე.

დღეს  ლარი კორექტირდება და ნელ-ნელა უბრუნდება იმ წერტილს, სანამ პანიკური სიტუაცია შეიქმნებოდა სავალუტო ბაზარზე და ყველა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი ამაზე მიუთითებს, იქნება ეს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად,  იანვარ-თებერვალში ექსპორტის სარეკორდო თითქმის 50 პროცენტიანი ზრდა, გაზრდილი ფულადი გზავნილებიდან გადმორიცხვები, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები თუ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების მზარდი მაჩვენებელი, რაც ამავდროულად ინვესტორთა ნდობაზე მიუთითებს, მიუხედავად რეგიონში შექმნილი მაღალი დაძაბულობისა და გაზრდილი რისკებისა.

ლარის გამყარების ტენდენცია ასევე აჩვენებს ოპოზიციის დიდი ნაწილის და ცალკეული ექსპერტების აშკარად პოპულისტურ და რეალობასთან აცდენილ ხედვას ეკონომიკის შეფასებაზე თუ ეკონომიკური პოლიტიკის მცდარ პოზიციონირებაზე“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები