საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ადამიანური კაპიტალის პროგრამისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე
დღეს, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა, ხელი მოაწერეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის შეთანხმებას ,,საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამისთვის” 358,500,000 ევროს ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული პროგრამისთვის მსოფლიო ბანკი პირველად იყენებს დაფინანსების „შედეგზე ორიენტირებული პროგრამის” ე.წ. PforR (Program for Results) ინსტრუმენტს, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია და მონიტორინგი, მთლიანად დაეყრდნობა საჯარო მმართველობაში არსებულ ინსტიტუტებსა და სისტემებს. პროგრამა მოიცავს განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორებს. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, ადამიანური კაპიტალის პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მომსახურების მიწოდების ეფექტურობის გაზრდაში.
განათლების სისტემის კუთხით, პროგრამის მიზანია მაღალი ხარისხის განათლებასთან ხელმისაწვდომობის ამაღლება. პროექტის განხორციელების კოორდინირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ძირითადი მიმართულებით დაგეგმილი შედეგებისა და ინდიკატორების მიღწევას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები განახორციელებენ.