ირაკლი კობახიძე: მაქსიმალურად ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს და კინკლაობაში არ ჩავერთვებით
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი უფრთხილდება პრეზიდენტის ინსტიტუტს და ამის გამო კამათის დაწყებას ვინმესთან არ აპირებენ.
კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის მთავარი მიზანი კონსტიტუციის სათანადო განმარტებაა.
„შეიძლება, არის მცდელობა, რომ ჩვენ რაღაც კინკლაობაში შეგვიყვანონ. ამას ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენ თავის დროზეც ვუფრთხილდებოდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ამიტომ არ ვთქვით რაღაცები საჯაროდ, მაგალითად, მაშინ, როდესაც კონსტიტუციის წინააღმდეგ პრეზიდენტმა განახორციელა ვიზიტი. გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ჩვენ არ ვთქვით, ეს პრეზიდენტმა თქვა ყოველწლიურ მოხსენებაში.
ჩვენ ახლაც მაქსიმალურად გავუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს იმის მცდელობა, რომ კინკლაობაში ჩაგვითრიოს, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ ფაქტებით და ერთადერთი, რასაც ჩვენ მოვითხოვთ, ეს იქნება კონსტიტუციის სათანადო განმარტება. ეს განმარტება არის ძალიან მარტივი – თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ოქმები, სადაც აბსოლუტურად ყველა დამსწრე კონსტიტუციონალისტი ადასტურებს, რომ ელჩის დანიშვნის კომპეტენცია არის სიმბოლური და არცერთ სხვა იურისტს ამ კომისიაში განსხვავებული აზრი არ გამოუხატავს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge