ბექა ლილუაშვილი: ყოველდღიური პრობლემები აწუხებს მოქალაქეებს
„ცოტა ხნით გადავერთოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის, რეგიონში თუ ქალაქში მცხოვრები, მათ შორის, ღატაკი მოსახლეობის და მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, 14 %-ით გაზრდილ ფასებზე, შემცირებულ გზავნილებზე რუსეთიდან და უკრაინიდან, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელიც ძალიან დამძიმდება მომდევნო პერიოდის განმავლობაში.
ასეთი ყოველდღიური პრობლემები, მათ შორის, საწვავის ფასები აწუხებს მოქალაქეებს და ხელისუფლებას, მათ შორის, მმართველ პარტიას პარლამენტში არ წარმოუდგენია არცერთი ნაბიჯი, რომელიც მათ ამ პრობლემებს შეუმსუბუქებდა”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტიამ „საქართველოსთვის” პარლამენტს აღნიშნული პრობლემების გადაჭრის კონკრეტული გზები შესთავაზა, თუმცა, მმართველმა პარტიამ ოპოზიციასთან თანამშრომლობა არ ისურვა.
„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პარლამენტს, წარვადგინეთ ინიციატივა, არათუ კონკრეტულ გზებზე და გეგმებზე კანონმდებლობის თვალსაზრისით როგორ უნდა გადაიჭრას ეს თუ ის პრობლემა, არამედ ერთობლივად, ხელისუფლების და ოპოზიციის მიერ კონკრეტულ გამოწვევებზე ნაბიჯების გადადგმის მიმართულებით, მაგრამ თქვენ თქვით უარი არგუმენტით, რომ ფასების ზრდა ყველგან ხდება და ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ”, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.