ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართლებრივი გარანტიების შესახებ იმსჯელა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტით დაზარალებულ პირთა მხარდაჭერის მიზნით მუშაობას განაგრძობს, რაც განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირებას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას გულისხმობს, რომლითაც შესაძლებელი იქნება ასეთ პირთა მხარდაჭერის გაძლიერება.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე პარლამენტის წევრებმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტით დაზარალებულთათვის სამართლებრივი მხარდაჭერის შემდგომი ინტენსიფიკაციის შესაძლებლობებზე და ამ მიმართულებით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს შორის კოორდინაციის საკითხებზე.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაცია საერთაშორისო სამართლებრივ ფორმატებში პროცესების მიმდინარეობის, გაწეული მუშაობის შესახებ და ისაუბრეს სამომავლო ხედვებზე.
“საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე პროცესების გავლენას პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით საქართველოს დიპლომატიური მისიის განსაკუთრებულ აქტიურობას, კომუნიკაციის მნიშვნელობას ამ სფეროში და სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების საჭიროებას.
შეხვედრაში პარლამენტის მხრიდან მონაწილეობდნენ როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები თორნიკე ჭეიშვილი და ბექა ძამაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ჩილინგარაშვილი”, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.