დავით სონღულაშვილი: მცირე და საშუალო ბიზნესი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული სექტორია

კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევებისა და ხელშეწყობის მექანიზმების შესახებ ჩატარებული თემატური მოკვლევის ანგარიში მოისმინეს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიში, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით ჩაატარა, სხდომაზე ექსპერტმა – ანა ქათამიძემ წარადგინა.

მომხსენებელმა ისაუბრა მოკვლევის მიზნებზე, რომელიც გლობალური პანდემიის შედეგად საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე წარმოშობილი სირთულეების გამოვლენას ითვალისწინებდა. ასევე, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ეკონომიკის წინაშე არსებული ახალი გამოწვევების საპასუხოდ მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად შექმნილ სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებზე. ანგარიშში ასახული იყო ინფორმაცია მოკვლევის ფარგლებში გაკეთებული მიგნებებისა და დასკვნების შესახებ, დაინტერესებული მხარეებისგან მიღებული დასაბუთებული მოსაზრებებისა და ზეპირი მოსმენების შედეგებზე და მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე, რომლებიც შესასრულებლად სხვადასხვა უწყებებს გადაეგზავნებათ.

კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა მოსმენილი ანგარიში ცნობად მიიღო. სხდომაზე მოისმინეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2021 წლის ანგარიში. ანგარიში შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარმა ინსპექტორმა ბექა ფერაძემ წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები