ლაშა ხუციშვილი: მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული სტაბილურობა შენარჩუნდეს საერთაშორისო ბირჟებზე, რაზეც შემდგომ მოხდება შესაბამისი პასუხის გაცემა საგადასახადო თუ სხვა პოლიტიკის მიმართულებით

„თუ გადავხედავთ ბოლო ორი კვირის მონაცემებს, დაახლოებით, 15-20 დოლარის ფარგლებში მერყეობს ყოველდღიურად ვაჭრობის შედეგები, რაც არ იძლევა შესაძლებლობას, ჩამოყალიბდეს გრძელვადიანი სტრატეგია ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, გარკვეული სტაბილურობა შენარჩუნდეს საერთაშორისო ბირჟებზე, რაზეც შემდგომ მოხდება შესაბამისი პასუხის გაცემა საგადასახადო თუ სხვა პოლიტიკის მიმართულებით”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, საწვავის ფასი დამოკიდებულია საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობიდან გამომდინარე არსებულ ფასზე. მისი თქმით, დღესდღეობით სახეზე გვაქვს სიტუაცია, როდესაც საწვავის ფასი განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 15-20 პროცენტით არის გაზრდილი.

„აქვე, მსურს მოსახლეობას განვუმარტო, რა მოთხოვნებია დღეს დაყენებული საწვავის ფასთან დაკავშირებით. კონკრეტულად, აქციზის და დღგ-ის გაუქმებასთან მიმართებით. ჯამურად, ეს ქვეყნის შემოსავლების ნაწილში შეადგენს 1,3 მილიარდ ლარს. ეს არის ჩვენი საგადასახადო შემოსავლების, დაახლოებით, 8-დან 9 პროცენტამდე. ბუნებრივია, ამ მოცულობის შემოსავალზე, საგადასახადო ტიპის დაკლებაზე, როდესაც მიმდინარე წელი არის დაგეგმილი და დაგეგმილია იმ სოციალური ვალდებულებებით, რა ვალდებულებებიც ქვეყანას აქვს ჩვენი მოსახლეობის წინაშე, ამ ეტაპზე საუბარი შეუძლებელია. ბუნებრივია, ეს გამოწვევა მომდინარეობს იმ საომარი მდგომარეობიდან, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ხორციელდება. საუბარია იმაზე, რომ ყველას მოგვიწევს საკმაოდ მაღალი ფასის გადახდა და არამხოლოდ იმ ქვეყნებს, ვინც უშუალოდაა ჩართული ამ საომარ მოქმედებებში, არამედ იმ ქვეყნებს, რომლებიც რეგიონში არიან და ეკონომიკურ საქმიანობას, სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებდნენ”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ყველაფერი ეს აისახება ინფლაციურ პროცესებზეც. „ინფლაციაც არის ის ფასი, რომლის გადახდაც თითოეულ ადამიანს მოუწევს და არამხოლოდ საქართველოში. ინფლაციის დონეზე, ვხედავთ, რომ 40-50 წლის დონეზეა ამერიკაში, ევროპაში და ჩვენს სამეზობლოში. საქართველო ვერანაირად ვერ იქნება იზოლირებული ამ პროცესიდან, რადგან საქართველო არის ღია ეკონომიკა და ვაჭრობას ახორციელებს ამ ქვეყნებთან, აქედან გამომდინარე, ეს ასახვას ჰპოვებს ინფლაციის დონეზეც. ამიტომ, ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმაზე, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ მოწყვლად ფენას, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, ბუნებრივია, იმ შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ამ მიმართულებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, შეუძლებელია ამ ოდენობის საგადასახადო შემოსავლებზე უარის თქმა ისე, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და შევასრულოთ ის სოციალური ვალდებულებები, რომელიც ქვეყანას აქვს.

საუბარი არის დაახლოებით 1,3 მილიარდზე მეტ გადასახადზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგადასახადო შემოსავლების 9 პროცენტამდე შეადგენს და ბუნებრივია, მიმდინარე წელს, როდესაც ბიუჯეტი დაგეგმილია და შესაბამისი სოციალური ვალდებულებები აღებული და გაწერილია, 9%-ის საგადასახადო შემოსავლების შემცირება, ისე, რომ არ მოხდეს შემცირება სოციალური ვალდებულებების, შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, პირველი პრიორიტეტი არის სწორედ ის მოწყვლადი ფენები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება ამ შეზღუდული რესურსიდან გამომდინარე და სწორედ ამ მიმართულებით იქნება გადადგმული ნაბიჯები”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები