უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ შტაბში ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ შტაბში, უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, არამალფუჭებადი საკვები და პირველადი მოხმარების საგნები შეგროვდა. ჰუმანიტარულ აქციაში მოქალაქეებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი 3 სკოლაც ჩაერთო. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში შეგროვებული ტვირთის მობილიზება თბილისში, საქართველოს ფოსტის ტერმინალში ხდება, რის შემდეგაც, სახმელეთო გზით უკრაინაში გაიგზავნება.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ სპეციალურ შტაბში მოქალაქეებმა, უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, არამალფუჭებადი საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნები შეაგროვეს. აღსანიშნავია, რომ უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი სამმა სკოლამაც შეაგროვა. გამოჩენილი გულსხმიერებისთვის ჩვენს მოქალაქეებს, მოსწავლეებს მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო. მოხარული ვარ, რომ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის სურვილი არაერთმა მოქალაქემ გამოთქვა“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან ჰუმანიტარული დახმარებისთვის თანხები გამოყო. გამოყოფილი თანხით მუნიციპალიტეტმა არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები შეიძინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები