ლაშა ხუციშვილი: საფინანსო სექტორი სრულად არის შესაბამისობაში იმ საერთაშორისო რეგულაციებთან, რომელიც დაწესებულია რუსეთთან მიმართებით
მკაფიოდ მინდა, განვაცხადო, რომ საფინანსო სექტორი სრულად არის შესაბამისობაში იმ საერთაშორისო რეგულაციებთან, რომელიც დაწესებულია რუსეთთან მიმართებით და დღეს არსებულ ოპერაციებთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული რეგულაციების აღსრულება მკაცრად კონტროლდება და ეროვნული ბანკი ამ კუთხით დაკვირვებით ახორციელებს თავის საქმიანობას.
„რისკი იმისა, რომ ჩვენი საფინანსო სექტორის გამოყენებით ხდებოდეს რაიმე ტიპის გვერდის ავლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თქვენ იცით, რომ საქართველოში ორი ყველაზე დიდი ბანკი ფუნქციონირებს ლონდონის ბირჟაზე, რაც თავის შინაარსით ნიშნავს იმას, რომ ისინი იცავენ არამხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობას, არამედ ისინი ფუნქციონირებენ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის დაცვით. შესაბამისად, ყველა ის შეზღუდვა და სანქცია, რომელიც დაწესებულია დიდ ბრიტანეთში, ამ ბანკებისთვისაც სავალდებულოდაა შესასრულებელი. გამომდინარე აქედან, ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საფინანსო სექტორი ფუნქციონირებს ყველა იმ საერთაშორისო რეგულაციის დადგენილებით, რომელიც მიღებულია, როგორც საქართველოში, ასევე, ევროკავშირში, აშშ-ში და, ბუნებრივია, დიდ ბრიტანეთში. ამ მიმართულებით ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იარსებებს. დღეს არსებულ ოპერაციებთან მიმართებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს და მომავალშიც ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იარსებებს. კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი სრულ შესაბამისობაშია, იმ საერთაშორისო რეგულაციებთან, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც ხვალ იქნება მოქმედი”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.