უნგრეთის სამთავრობო სტიპენდიების კურსდამთავრებულთა ასოციაციის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2022 წლის 27 მარტს შედგა უნგრეთის სამთავრობო სტიპენდიების კურსდამთავრებულთა ასოციაციის სამუშაო შეხვედრა და საინფორმაციო ღონისძიება, სადაც ასოციაციის დაფუძნების მიზნები და უახლოეს მომავალში დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
კურსდამთავრებულთა გაერთიანების კონცეფცია 2020 წელს შეიქმნა, ხოლო ოფიციალურად ორგანიზაცია 2022 წელს, საქართველოში უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით დაარსდა. უნგრეთის სამთავრობო სტიპენდიების კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიზანია მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ახალი ბენეფიციარების მოზიდვა და განაცხადების მიღების პროცესის დაწყებამდე მათთვის საკონსულტაციო აქტივობების შეთავაზება.
ასოციაციის პრეზიდენტმა, სალომე გეგუჩაძემ წარადგინა პრეზენტაცია, სადაც ასოციაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რაც გულისხმობს:
1. უნგრეთის სამთავრობო სტიპენდიის მქონე სტუდენტების ქსელის შექმნასა და გაერთიანებას;
2. უნგრეთის სამთავრობო სტიპენდიის მქონე სტუდენტებისათვის მხარდამჭერი აქტივობების შეთავაზებას;
3.კურსდამთავრებულთა პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას. ღონისძიებას პროგრამის კურსდამთავრებულებთან ერთად ესწრებოდნენ: უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში – ანა მარია შიკო და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი – ნინო ჭელიძე. სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum), საქართველოში განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ, უნგრეთის საელჩოსთან პარტნიორობით, 2017-2018 სასწავლო წლიდან ხორციელდება. ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში 400-ზე მეტი სტიპენდიაა გაცემული, საქართველოს მოქალაქეების სწავლა უნგრეთში ფინანსდება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე.