ირაკლი ბერაია: უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა კი არა, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს, საქართველოს ხელისუფლება მისი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკიდან გადახვევას არ აპირებს
“უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა კი არა, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს, საქართველოს ხელისუფლება მისი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკიდან გადახვევას არ აპირებს. ასე იყო აქამდე და ასე იქნება მომავალშიც”,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას.
როგორც ბერაია სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებას უფუძნება.
“სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, რომ არიან სუბიექტები, ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რომლებიც დაინტერესებული არიან, ცდილობენ და ყველაფერს აკეთებენ საომარი მოქმედებების გეოგრაფიული არეალის გასაფართოვებლად და საქართველოს ომში ჩასათრევად. მოსალოდნელიც იყო, რომ ისინი დიდ ხანს ვერ დამალავდნენ მათ ჩანაფიქრს და ამოცანებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის გაჟღერება მოხდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მხრიდან, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი და შოკისმომგვრელი.
უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, დანილოვს კი მეტ წინდახედულობას და რაციონალურობას.
საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები სრულად ეფუძნება ჩვენი ქვეყნის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას, მათი უფლებების დაცვას და კეთილდღეობას.. და არასოდეს გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რაც რისკის ქვეშ დააყენებს ამ ყველაფერს”,- წერს ბერაია.
ცნობისთვის, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა განაცხადა: “დნესტრისპირეთი და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყვნენ დაკავებული, ეს ძალიან დაგვეხმარებოდა”.