მიხეილ ჩხენკელმა წლის საუკეთესო სპეციალური მასწავლებელი დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის დაჯილდოების რიგით მეორე ცერემონია გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონკურსში გამარჯვებული  პედაგოგი დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სპეციალური მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამინისტროს მხრიდან მათ მხარდამჭერ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.

“როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, 2018 წელს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები სისტემამ მასწავლებლად აღიარა. 2020 წელს კი სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პროფესიული ზრდის შესაძლებლობა მიეცათ. გარდა ამისა, განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ყველა ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ მასწავლებლის პროფესია გახდეს კიდევ უფრო პრესტიჟული და რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გაუჩნდეს სურვილი, იზრუნოს მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაზე.

წლის საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი 14 კანდიდატიდან კომისიამ სამი ფინალისტი შეარჩია, მათგან საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის წოდება ქალაქ ფოთის N1 საჯარო სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა ხათუნა ხაჟომიამ მოიპოვა. გამარჯვებულ პედაგოგს შესაბამისი სიგელი, სამკერდე ნიშანი, ფულადი ჯილდო და პლანშეტური კომპიუტერი გადაეცა.

ფულადი ჯილდო და სიმბოლური საჩუქრები მიიღეს კონკურსის ფინალისტებმაც, რომელთა შორის მოხვდნენ სოფელ იყალთოს საჯარო სკოლისა და ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებლები ლელა ბოშაშვილი და მარიამ ედილაშვილი.

კონკურსში გამარჯვებულმა პედაგოგმა ხათუნა ხაჟომიამ, თავის მხრივ,  მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს სპეციალური მასწავლებლების განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და მათი დაფასებისთვის. მისი თქმით, დაჯილდოების ტრადიციის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მასწავლებლებს მეტი მოტივაცია ეძლევა, იზრუნონ პროფესიულ განვითარებაზე და კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელონ პედაგოგიური საქმიანობა.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უკვე მეორედ მართავს. ღონისძიების უმთავრესი პარტნიორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ორგანიზაცია – „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის (McLain Association for Children, Georgia)“.

დაჯილდოების ცერემონიაში ასევე მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ, ცენტრის თანამშრომლებმა, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საკონკურსო კომისიის წევრებმა.

საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის ყოველწლიური კონკურსი საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის სპეცმასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი და მის მთავარ მიზანს მათი პროფესიის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ქვეყნის მასშტაბით წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა წარმოადგენს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები