„მშვიდობისა და სოლიდარობის გზავნილი“ უკრაინას – ქართული თეატრისგან
27 მარტს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ მოედანზე (რუსთაველის გამზირი), სამოქალაქო აქცია – მანიფესტით, ქართული თეატრი „მშვიდობისა და სოლიდარობის გზავნილით“ ეხმიანება და თანადგომას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს.
„27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა, რომელიც საქართველოში წლების მანძილზე, თითქმის ყველა სათეატრო სცენიდან აღინიშნებოდა.
წელს, ამ დღეს, რომელიც მშვიდობის, ხალხთა შორის კულტურული მრავალფეროვნების გაზიარებისა და თანაარსებობის გამოხატულებაა, სასცენო ხელოვნების წარმომადგენლები „ვესწრებით“ ომსა და სისხლის ღვრას, მშვიდობიანი და თავისუფლებისმოსურნე უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ კაცობრიობის გამოუსწორებელი ბოროტების – რუსეთის იმპერიის მხრიდან. დღეს უკრაინაში წყდება ბედი და მომავალი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოსიც (ისევე როგორც არაერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნისა და შეიძლება ითქვას ევროპისაც კი), რომლის 20% დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
სოლიდარობა უკრაინელ ხალხს“! – აღნიშნულია ინფორმაციაში.