ოხანაშვილი – უსუფაშვილზე: მეგონა, სამართლებრივი არგუმენტები გაჟღერდებოდა მისი მხრიდან, მაგრამ ეს იმედები გაცრუვდა

დავით უსუფაშვილს ბრიფინგების ჩატარება მოენატრა, მოლოდინი მქონდა, რომ სამართლებრივი არგუმენტები გაჟღერდებოდა მისი მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან დღემდე არ გაჟღერებულა არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს კანონში ცვლილება.

“მგონი, დავით უსუფაშვილს ბრიფინგების ჩატარება მოენატრა, მოლოდინი მქონდა, რომ სამართლებრივი არგუმენტები გაჟღერდებოდა მისი მხრიდან, მაგრამ იმედები გაცრუვდა და დავრჩით იმ რეალობაში, რომ ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ენატრება უბრალოდ ბრიფინგების ჩატარება, ყოველგვარი შინაარსის გარეშე.

როცა საუბრობენ კოლეგები ოპოზიციიდან, რომ რაღაც არ მოსწონთ, ამას სჭირდება ყოველთვის არგუმენტი. მე დღემდე არ მომისმენია არგუმენტი, რატომ არ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილება. კონსტიტუციასთან არის კანონი შეუსაბამობაში, უზენაეს კანონს ეწინააღმდეგება ქვემდგომი კანონი, ამ შეუსაბამობას ვასწორებთ, ეს არ არის მორგებული ერთ რომელიმე ინსტიტუციაზე”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, დაჩქარებულად განიხილოს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოახერხოს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომლითაც რაც შეიძლება ხშირად ან დაემუქრება პრეზიდენტს ან საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს მის ამა თუ იმ ქმედებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები