კახა ლაბუჩიძემ საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ეროვნულ არქივში გამოფენა – „ბერძნები საქართველოში“ დაათვალიერა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა – „ბერძნები საქართველოში“ გაიხსნა და საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. გამოფენას ესწრებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, კახა ლაბუჩიძე.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ეროვნული არქივის კოლექციებში საქართველოში მცხოვრები ბერძნების შესახებ მრავალფეროვანი მასალაა დაცული, რომელიც მათ ცხოვრებასა და ორი ქვეყნის ურთიერთობას ასახავს. გამოფენაზე წარმოდგენილია: ქართული და ბერძნული ისტორიული საბუთები, ბერძნული საგალობლები, დოკუმენტები ტაძრების, ბერძენი ოსტატებისა და ბერძნული სასწავლებლების შესახებ, რუკები, შენობა-ნაგებობათა პროექტები, ფოტოები და სხვა.
„დღეს საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეა. ამ დღესასწაულს სხვანაირად “ნაციონალური აღორძინების დღეს”
უწოდებენ. ევროპის, შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიოს ისტორიაა დაკავშირებული საბერძნეთის ისტორიასთან. განსაკუთრებული ადგილი ამ მრავალსაუკუნოვან ქარტეხილებში საქართველოსაც უკავია. დიდი კულტურულ-მეცნიერული კავშირები საუკუნეების განმავლობაში იკრებდა ძალას და დღეს ის მნიშვნელოვანი ტრადიციის სახეს ატარებს“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
გამოფენა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა და საქართველოში საბერძნეთის ელჩმა, მარია თეოდორუმ გახსნეს.
ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში 27 მარტამდე გაგრძელდება.