საქართველოს თანასპონსორობითა და მხარდაჭერით გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული კიდევ ერთი ახალი ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომელმაც განახორციელა აგრესია უკრაინის მიმართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, რეზოლუციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ყველა ღონე მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ჰუმანიტარული მიმართულებით უკრაინაში სიტუაცია შემსუბუქდეს.
„ეს რეზოლუცია და საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით, ჩვენ მუდმივად ვიქნებით საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების მხარდასაჭერად უკრაინასთან მიმართებით”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციაში დაგმობილია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების, ადამიანის უფლებების დარღვევა, ასევე, შეფასებულია ჰუმანიტარული კუთხით არსებული კრიზისული სიტუაცია და განსაზღვრულია ის ნაბიჯები, რომელიც უნდა მიიღოს საერთაშორისო თანამეგობრობამ გაერო-ს კოორდინაციით, რათა ომის პირობებში ადამიანებს, რომლებსაც შეექმნათ უმძიმესი მდგომარეობა, დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ დახმარება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გაეროში 140-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკვე მეორედ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს. გენერალურმა ასამბლეამ პირველი რეზოლუცია 2 მარტს მიიღო, რომლითაც რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა. მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა.