შსს-ს სისტემაში შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა აღნიშნულ თემაზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა აღნიშნულ თემაზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის უფლებების პროექტის მენეჯერმა, მარიამ თუთბერიძემ გახსნეს. სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა საკონსულტაციო ჯგუფის წევრებთან ერთად განიხილეს გეგმის პროექტით გათვალისწინებული მიზნები და ამოცანები, განსახორციელებელი აქტივობები და მათი შესრულების ინდიკატორები. შეხვედრის ფარგლებში, საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით რეკომენდაციები და მოსაზრებები წარმოადგინეს. განხილვების დასრულების შემდეგ დამტკიცდება 2022 წლის სამოქმედო გეგმა, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.