არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიცია პრაქტიკულად მეხუთე კოლონად გადაიქცა, ამ მეხუთე კოლონას კი თავისი სოლისტები ჰყავს

“დღეს, როცა უკრაინაში ომია, ცდილობენ ამ საკითხით ყველანაირ სპეკულაციას, რომ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატარონ, რის საშუალებასაც ჩვენი ხელისუფლება რადიკალურ ოპოზიციას არ მისცემს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს.

თალაკვაძის თქმითვე, რადიკალური ოპოზიცია პრაქტიკულად მეხუთე კოლონად გადაიქცა, ამ მეხუთე კოლონას კი თავისი სოლისტები ჰყავს.

„საქართველოს ტერიტორიები შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გახლავთ ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, შესაბამისად, საქართველომ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი, სამხედრო აგრესია და ტერიტორიების ოკუპაცია. შესაბამისად, ვფიქრობ, აქ აჟიოტაჟი არის ხელოვნურად ატეხილი, ცალსახად, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი, რომ როგორმე პოლიტიკურ ზედაპირზე შეინარჩუნონ თავი, ვინაიდან, შეგახსენებთ, რა ხდებოდა ომის წინა პერიოდში, მათ წააგეს არჩევნები, საბოტაჟის გეგმა, რომელიც ჰქონდათ, გაკოტრდა და პრაქტიკულად, აღმოჩნდნენ პოლიტიკურ ოფსაიდში, შემდეგ ცდილობდნენ სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის ოპოზიციაში შეეშალათ ხელი საპარლამენტო აქტივობის განხორციელების პროცესში და დღეს, როცა ომია უკრაინაში, ცდილობენ ამ საკითხით ყველანაირ სპეკულაციას, რომ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატარონ, რის საშუალებასაც ჩვენი ხელისუფლება არ მისცემს რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც პრაქტიკულად გადაიქცა მეხუთე კოლონად და ამ მეხუთე კოლონას ჰყავს თავისი სოლისტები, თავისი შემსრულებლები, მის მიერ კონტროლირებადი მედია და ყოველდღიურ რეჟიმში, როცა ყველა კარი დაკეტილია, ცდილობენ ფანჯრიდან შემოვიდნენ ამ პროცესში. სხვა ამას არაფერი ჰქვია, როცა უკრაინაში ომია და რეგიონში უსაფრთხოების ძალიან სერიოზული გამოწვევები, რითაც არის დაკავებული რადიკალური ოპოზიცია. მათ მიერ დაფუძნებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მათ მიერ კონტროლირებადი მედია დაკავებულია საკუთარ ხელისუფლებაზე, საკუთარ ქვეყანაზე შეტევით და მუდმივი მცდელობით, რომ საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რომელიც ამ მომენტში იქნებოდა გაუმართლებელი”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები