გრიგოლ ლილუაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან შეხვედრა გამართა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხებში, დევიდ კეტლერს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ნატო-ს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე მძიმე პროცესებზე იმსჯელეს და ევროპისა და საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე მისი გავლენა შეაფასეს. საუბარი, ასევე, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას შეეხო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს, რეგიონში არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ჩვენ პატივს ვცემთ და ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს და მსხვერპლს, რომელიც გაღებულ იქნა ჩვენი საერთო უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენ ასევე გაგვაჩნია ჩვენი ურთიერთობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ჩვენი ერთობლივი მუშაობა იცავს ჩვენს ხალხს. პარტნიორობა ჯერ არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი,“ – აღნიშნა დევიდ კეტლერმა. შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს შორის მრავალწლიანი პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობების გაგრძელების აუცილებლობა, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.