თბილისის მერია გუდიაშვილის მოედნის სივრცეებს აუქციონზე გაიტანს
გუდიაშვილის მოედანს სჭირდება შემდეგი პატრონი, ვინც მოუვლის მას, მიხედავს და სწორი ფორმით გამოიყენებს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ მერია გუდიაშვილის მოედანზე არსებული სივრცეების აუქციონზე გატანას გეგმავს.
მისი თქმით, გუდიაშვილის მოედანი დღეს მთლიანად არის მოწესრიგებული და სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
“გუდიაშვილის მოედანი დღეს მთლიანად არის მოწესრიგებული, მიმდინარეობს სამუშაოების მეორე ეტაპი, სადაც 16 სახლი დაემატა და რეაბილიტაცია უტარდება. თუმცა, პირველ ნაწილს, რომელიც ჩვენ დავასრულეთ, სჭირდება პატრონი, ვინც მოუვლის, მიხედავს და სწორი ფორმით გამოიყენებს. ერთია სილამაზე და ამ ძეგლების მნიშვნელობა, თუმცა, არის მეორე, ეკონომიკური მხარეც.
ბიზნეს სექტორს შესაძლებლობას მივცემთ, რომ ეს სივრცეები, რომლებიც არის მუნიციპალური საკუთრება, გამოიყენონ. მოვამზადებთ დოკუმენტაციას, რომ მოხდეს ამ სივრცეების გამოტანა და გასხვისება ბიზნეს სექტორზე, რომ შემდეგ ეს ყველაფერი სწორად იქნეს გამოყენებული. თუმცა, პარალელურად, თბილისის მერია იქნება ჩართული, რომ გუდიაშვილის მოედანი, არსებული სივრცე იყოს სწორად განვითარებული და ჩვენ არ მივიღოთ ისეთი კაფე-ბარები, რომელიც შეიძლება არ იყოს მისაღები ქალაქისთვის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ ეს იყოს მიზიდულობის ცენტრი. ადგილი, სადაც თითოეულ თბილისელს, თითოეულ ჩამოსულ სტუმარს ექნება სურვილი, რომ მივიდეს გუდიაშვილის მოედანზე, დაისვენოს და გაერთოს”, – განაცხადა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.