ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს ქვეკომპონენტი ემატება, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფლის განვითარების სააგენტო ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას განახორციელებს, წლიური 9%-ის ოდენობით. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი. პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრა 5,000 ლარიდან 100, 000 ლარის ჩათვლით.

ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯების, ერთწლოვანი კულტურებისთვის შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების სამუშაოების, გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.

ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა). აგროკრედიტის გაცემა დაიწყება განკარგულების ამოქმედების შემდგომ; საფინანსო ინსტიტუტებს შეეძლებათ, სესხები გასცენ 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები