სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მოსავლის შენახვას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეძლებენ
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად კიდევ ერთი პროგრამა განხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამის პირობებით, სოფლის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს შემნახველი და სამაცივრო ინფრასტრუქტურის თანადაფინანსებას, რომელიც გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ბოსტნეულისა და კარტოფილის შესანახად.
500 ტონა ტევადობის შემნახველი საწარმოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს, მისი ჯამური ღირებულების არაუმეტეს 80%-ს და არაუმეტეს 450,000 ლარს. პროგრამით დადგენილი პირობით, პოტენციური ბენეფიციარის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს, თითოეული მეპაიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არანაკლებ 0.1 ჰა-ს, ხოლო პოტენციური ბენეფიციარის ან/და პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი არანაკლებ 20 ჰექტარს უნდა შეადგენდეს, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.